ბენ ასკრენი კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა
ბენ ასკრენი კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა

ბენ ასკრენმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) ჯერ მხოლოდ სამი ბრძოლა გამართა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მებრძოლი უკვე კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. ამის შესახებ ასკრენმა არიელ ჰელვანის გადაცემაში მას შემდეგ განაცხადა, რაც დემიენ მაიასთან მომგუდავი ილეთით დამარცხდა.

შეგახსნებთ, რომ ბენ ასკრენს UFC-ში მოსვლამდე სულ 18 ბრძოლა ჰქონდა გამართული და ყველა მათგანი ასკრენის გამარჯვებით დასრულდა. აი, აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში მოხვედრის შემდეგ კი მისი შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ბენმა სულ სამი ბრძოლა გამართა UFC-ის ეგიდით, საიდანაც ორში დამარცხდა. პირველი გამარჯვება კი, რომელიც ასკრენმა რობი ლოულერთან მოიპოვა, საკმაოდ საკამათო იყო.

„ამჟამად აქტიურად განვიხილავ შერეული ორთაბრძოლებიდან წასვლას. მოგატყუებ, თუ გეტყვი, რომ ასე არ არის. ცხოვრებაში ბევრი რამის გაკეთება მსურს. მე ნამდვილად დაკავებული ადამიანი ვარ“,- განაცხადა ასკრენმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში.