ბელგიური მედია - „ბარნლი“ მიქაუტაძის ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მიქაუტაძე კარიერას, დიდი ალბათობით, ინგლისის პრემიერლიგაში გადასულ „ბარნლიში“ გააგრძელებს, – საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელის ტრანსფერზე გამოცემა voetbalprimeur-ი წერს.
„ვინსენტ კომპანიმ „ბარნლიში“ დანიშვნის შემდეგ ინგლისურ კლუბში ბელგიის ლიგაში ნათამაშები ფეხბურთელები მიიყვანა. პრემიერლიგაში გადასვლის შემდეგ კომპანის გუნდის გაძლიერება სურს და ახალი მოთამაშეების ძებნა დაიწყო. ადრე პოტენციურ ახალწვეულად ალბერტ სამბი ლოკონგას ახსენებდნენ, ახლა კი ინგლისში გადასვლის შანსი გიორგი მიქაუტაძესაც აქვს.
„სერენის“ ყოფილ თავდამსხმელს კომპანისა და „ბარნლის“ სიაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. „მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში 35 მატჩში 23 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ამან სრულად დაარწმუნა „ბარნლი“ მიქაუტაძის უნარებში. თავდამსხმელის შეძენით „მილანიც“ დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურმა კლუბმა „მეცს“ ათი მილიონი ევრო შესთავაზა“, – წერს ბელგიური გამოცემა.
„ბარნლიში“ მიქაუტაძის გადასვლის შანსებზე ტრანსფერების თურქი ექსპერტი ეკრემ კონურიც წერს, რომლის თქმითაც, ქართველ ფორვარდს „ტრაბზონსფორიც“ იწვევდა:
„გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით „ბარნლიმ“ „მეცს“ მიმართა. ქართველი ფეხბურთელის მომავალს „ტრაბზონსფორსა“ და „მილანსაც“ უკავშირებდნენ, თუმცა მიქაუტაძეს კარიერის გაგრძელება პრემიერლიგაში სურს“.