ბელგიური გამოცემა - ყველაფერი მიანიშნებს, რომ მიქაუტაძე „სერენში“ დაბრუნდება #1TVSPORT
ბელგიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ზაფხულს „მეცში“ დაბრუნდა, შესაძლოა საბოლოოდ იჯარით ისევ „სერენში“ გადავიდეს – ინფორმაციას ბელგიური გამოცემა dhnet ავრცელებს.
„გიორგი მიქაუტაძის „სერენში“ დაბრუნება შეიძლება რეალობად იქცეს. ბელგიის პირველი დივიზიონის 2020/21 სეზონის ბომბარდირი (22 გოლი, 2 საგოლე პასი), რომელიც „მეცში“ „სერენში“ იჯარით გატარებული სეზონის შემდეგ დაბრუნდა. მაგრამ ფრედერიკ ანტონეტიმ ამ კვირაში „რეიმსთან“ შეხვედრის განაცხადში აღარ შეიყვანა და სარეზერვო გუნდშიც არ ითამაშა“, – წერს ბელგიური გამოცემა.
dhnet ამტკიცებს, რომ საკითხი ფაქტობრივად, გადაწყვეტილია:
„მოულოდნელად, ყველა ფაქტი ისე აეწყო, რომ ვუნდერკინდის „სერენში“ დაბრუნებაზე მიანიშნებს. უფრო მეტიც, ბელგიურ გუნდში უკვე თქვეს, რომ მალე თავდამსხმელისა და ცენტრალური მცველის ჩამოსვლას ელიან. ეს თავდამსხმელი შეიძლება იყოს ქართველი, რომელიც მხოლოდ 20 წლისაა და მას გაზრდა ჯერ კიდევ შეუძლია. მას შეეძლო გააგრძელებინა თავისი ევოლუცია „მეცში“, მაგრამ ორ თამაშში ერთ წუთი და ბოლო მატჩის განაცხადში ვერმოხვედრა მის მდგომარეობას ჩრდილავს“.