ბელგიური გამოცემა - შენგელიას „ლუვენში“ გადასვლა სახლში დაბრუნებას ჰგავს #1TVSPORT
თურქულ „კონიასპორთან“ კონტრაქტის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ, ლევან შენგელია ახალ გუნდში ჩაირიცხა – საქართველოს ნაკრების 25 წლის თავდამსხმელმა ხელშეკრულება ბელგიურ „ლუვენთან“ გააფორმა, რომელმაც წინა სეზონი ჟუპილერ ლიგაში მე-11 ადგილზე დაასრულა.
შენგელია ბელგიაში ოთხი წლის შემდეგ დაბრუნდა. ქართველი თავდამსხმელი ახალ კლუბში 2023 წლის ივნისამდე ითამაშებს, თუმცა ხელშეკრულებაში ვადის ერთი წლით გახანგრძლივებაც გათვალისწინებულია.
ლევან შენგელია ძირითადად მარჯვენა ფლანგზე თამაშობს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელისთვის (10 მატჩი), როგორც walfoot წერს, „ლუვენში“ გადასვლა სახლში დაბრუნებას ჰგავს, რადგან 25 წლის თავდამსხმელისთვის ბელგია უცხო ქვეყანა არაა – ის 2015 და 2018 წლებში პირველი დივიზიონის „ტუბიზეში“ თამაშობდა და შემდეგ სამხრეთ კორეულ „დაეჯონ სიტიზენში“ იჯარით გაუშვეს.
შენგელია ბოლო ორი სეზონის განმავლობაში თურქეთის სუპერლიგის „კონიასპორში“ თამაშობდა, სადაც შვიდჯერ გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. 2017-2019 წლებში გამოდიოდა „დინამო თბილისში“ (25 გოლი, 14 საგოლე პასი), სადაც გუნდის ლიდერი იყო და საქართველოს ჩემპიონის და ვიცე-ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა.
ლევან შენგელიას ტრანსფერზე კომენტარი „ლუვენის“ ტექნიკურმა დირექტორმა ვიმ დე კორტემ გააკეთა.
„ლევან შენგელია არის მემარცხენე ფეხბურთელი, რომელმაც ბელგიური ფეხბურთი კარგად იცის. მისი დამატება იმის გამო გადავწყვიტეთ, რომ საინტერესო მოთამაშეა და თავისუფალი აგენტი იყო, ამიტომ ტრანსფერში თანხა გადასახდელი არ იყო. ის სამწვრთნელო შტაბს ფლანგზე და შეტევაში დამატებით შესაძლებლობებს უჩენს“, – ამბობს „ლუვენის“ ტექნიკური დირექტორი.