ბელგიური გამოცემა - მიქაუტაძე ადგილობრივ გრანდებს გამოეპარათ, ახლა მას ინგლისში იწვევენ #1TVSPORT
ბელგიურმა გამოცემამ, Voetbalnieuws-მა გიორგი მიქაუტაძეზე წერილი გამოაქვეყნა, რომლის ავტორიც თვლის, რომ „სერენში“ ქართველი თავდამსხმელის კარგი თამაში წამყვან ბელგიურ კლუბებს გამოეპარათ და მისი შეძენის შანსი ხელიდან გაუშვეს.
„ზოგჯერ ბელგიური გრანდები შესაძლებლობებს ხელიდან უშვებენ. ეს შეიძლება ითქვას გიორგი მიქაუტაძის მაგალითზე. 22 წლის თავდამსხმელს წინა ორ სეზონში მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდა „სერენში“. ის ჯერ 23 გოლით პირველი დივიზიონის ბომბარდირი გახდა, ხოლო გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში ცხრა გოლი გაიტანა. მას ბელგიის წამყვანმა გუნდებმა შანსი არ მისცეს და ახლა შეიძლება ინანონ.
ლიგა 2-ში მიქაუტაძემ უკვე 22 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. „მეცთან“ ერთად ქართველი ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის.
მან უკვე არაერთი გუნდი დააინტერესა, მათ შორის ინგლისში. ფრანგი ჟურნალისტის, მოჰამედ თუბაშ-ტერის თქმით, თავდამსხმელის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. „მეცში“ სიტუაციას გრძნობენ და მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა კლუბი 12 მილიონსა და ბონუსებსაც დასჯერდება.
მიმდინარე სეზონის შედეგიც მიქაუტაძის ტრანსფერზე სერიოზულად იმოქმედებს. თუ „მეცი“ ლიგა 1-ში გადავა, კლუბი მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. ეს კი მაშინ ხდება, როცა რამდენიმე ბელგიური გრანდი მაღალი კლასის თავდამსხმელს ეძებს“, – წერს ბელგიური გამოცემა.