ბელგიური გამოცემა - „მეცთან“ მიქაუტაძის ახალი კონტრაქტი ბელგიური ტოპ-კლუბებისთვის დიდი დარტყმა იყო #1TVSPORT
საფრანგეთში გაზრდილი გიორგი მიქაუტაძე 21 მარტს, კვირას საღამოს „მოლენბეკის“ წინააღმდეგ ითამაშებს და თბილისში გაემგზავრება. 20 წლის თავდამსხმელი პირველად მოემზადება საქართველოს ნაკრებთან ერთად, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩებში შვედეთის, ესპანეთის და საბერძნეთის ეროვნულ გუნდებთან ითამაშებს.
გიორგი მიქაუტაძე ბელგიის პირველი დივიზიონის ერთ-ერთი აღმოჩენაა – მან „სერენის“ შემადგენლობაში 18 მატჩში 18 გოლი გაიტანა და ლიგის საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზეა. 20 წლის თავდამსხმელი ბელგიურ გუნდში იჯარით გადავიდა საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეციდან“, რომელთანაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი 2025 წლამდე განაახლა.
ბელგიური გამოცემა voetbalkrant კი წერს, რომ გიორგი მიქაუტაძის ახალმა კონტრაქტმა მასთან დაკავშირებით ბევრი გუნდის ჩანაფიქრს ხაზი გადაუსვა.
„გიორგი მიქაუტაძეს გოლის შესანიშნავი ალღო აქვს. მან „სერენში“ სეზონი რაკეტასავით დაიწყო და 13 თამაშის შემდეგ 16 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ მიქაუტაძე ცოტათი შეჩერდა, მაგრამ ბომბარდირთა სიაში 18 გოლით მეორე ადგილზეა. მიუხედავად ამისა, ამ სტატისტიკით, „მეცი“ საკუთარ შესაძლებლობებში სრულად დაარწმუნა და ფრანგულმა კლუბმა მასთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააგრძელა. ეს, შესაძლოა, დიდი დარტყმა იყოს ბელგიური ტოპ-კლუბებისთვის, რომლებმაც მიზნად თავდამსხმელის გადაბირება დაისახეს“, – წერს ბელგიური გამოცემა.