ბელგიური გამოცემა - ჩაკვეტაძე „გენტში“ კვლავ ბრწყინავს, მწვრთნელისთვის მისი დაბრუნება დიდი შვებაა #1TVSPORT
„გიორგი ჩაკვეტაძის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება დიდი შვებაა“, – ასე შეაფსა „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰაინ ვანჰეზებრუკმა გუნდისთვის ქართველი ფეხბურთელის მნიშვნელობა.
ბელგიის ჩემპიონატის მე-9 ტურში „გენტმა“ „სერკლ ბრიუგე“ 2:1 დაამარცხა, გიორგი ჩაკვეტაძე გამარჯვების გოლში საგოლე გადაცემით მონაწილეობდა და პირველ საგოლე კომბინაციაშიც ჩართული იყო. ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევს 8,0 ქულა დაუწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.
„მიუხედავად „სერკლ ბრიუგეს“ დამარცხებისა, ჰაინ ვანჰეზებრუკი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი მაინც არ იყო. „ბუფალოს“ მწვრთნელი თვლის, რომ თამაში სულაც არ იყო კარგი, თუმცა მრავალი ტრავმის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის ნაჩვენებმა დონემ ის დააკმაყოფილა – ქართველი „გენტის“ ორივე გოლში მონაწილეობდა“, – წერს ბელგიური გამოცემა „voetbalprimeur“.
„გიორგის ჩემს გუნდში საუკეთესო მონაცემები გააჩნია. ჩვენ გვინდა, რომ ის რაც შეიძლება მალე ჩადგეს ოპტიმალურ ფორმაში. ახლა ის ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდის და ყოველ შემდეგ შეხვედრაში უფრო და უფრო უკეთ უნდა ათამაშდეს“, – განაცხადა ვანჰეზებრუკმა.
„გენტის“ მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ქართველს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია.
„მაგრამ მას შეუძლია ფიზიკურად კიდევ უფრო გაძლიერდეს. მას ბურთი სამჯერაც არ დაუკარგავს. ეს სხვა ფეხბურთელების მონაცემებს რომ შეადაროთ, მიხვდებით, რომ ჩაკვეტაძის მსგავსი მოთამაშე გუნდისთვის დიდი შვებაა. ჩაკვეტაძის შემდგომ განვითარებას უკვე მოუთმენლად ველოდები“.
დიდი ალბათობით, გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ „გენტის“ სასტარტო შემადგენლობაში იქნება მომავალ შეხვედრაში, რომელიც 30 სექტემბერს „გელამჰო არენაზე“ გაიმართება – ბელგიელები კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ მიიღებენ.