ბელგიისა და შვედეთის შესარჩევი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო - ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტის დეტალები #1TVSPORT
ბრიუსელში ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩი ბელგიასა და შვედეთს შორის პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა. მიზეზი გახდა ტერორისტული აქტი, რომელიც ბელგიის დედაქალაქში მოხდა და მას შვედეთის ნაკრების ორი გულშემატკივარი ემსხვერპლა, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა.
ტერაქტი მატჩის დაწყებამდე მოხდა, მაგრამ დამნაშავის ოპერატიულად დაჭერა ვერ მოახერხეს, ამიტომაც ქალაქში განსაკუთრებული საფრთხის რეჟიმი შემოიღეს.
სავარაუდო მკვლელმა ტერორისტული ორგანიზაცია – ისლამური სახელმწიფოს წევრად გამოაცხადა თავი. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს.
შეხვედრა პირველი ტაიმის შემდეგ შეწყვიტეს. გადაწყდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, გულშემატკივრები სტადიონზე დარჩენილიყვნენ, რადგან იმ მომენტში ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილად მიიჩნიეს, განსაკუთრებით 700 შვედი ქომაგისთვის.
მოგვიანებით ცნობილი გახდა მკვლელობის დეტალები. თავდამსმელმა ესროლა ავტომობილს, რომელშიც დაღუპულები ისხდნენ, შემდეგ შენობაში შევიდა და იქაც ისროლა.
დადგინდა მკვლელის ვინაობაც. ეს არის ვინმე სლაიემი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელშიც აღიარებს, რომ მოკლა სამი შვედი და ეს გააკეთა საკუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე, თან დაამატა, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრია. მოგვიანებით დამნაშავემ განაცხადა, რომ მკვლელობა ჩაიდინა ჰამასსა და ისრაელს შორის კონფლიქტის გამო.
შეხვედრა უახლოეს დღეებში არ განახლდება, რადგან შვედეთის ნაკრები უკვე გაემგზავრა სამშობლოში.