ბელგიის ნაკრების ფანკლუბის ხელმძღვანელი - საქართველოში ევრო 2023-ზე მოხვედრა პრობლემაა, იქ პირდაპირი რეისები არ არის #1TVSPORT
საქართველოში ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებს ცოტა გულშემატკივარი გაამხნევებს, – ინფორმაციას გამოცემა Sudinfo ავრცელებს.
„ბელგიის საფეხბურთო კავშირმა მოაწყო ვიქტორინა, რომლის ორ გამარჯვებულს 24 ივნისს საქართველოს წინააღმდეგ მეორე მატჩზე დასასწრები ბილეთი გადასცეს. 1900 ევროს ღირებულებაში შედის ავიაბილეთის ფასი, თბილისში სამი დღით გაჩერებისა და შეხვედრის ბილეთების საფასური.
თუმცა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შედარებით ცოტა ბელგიელი გულშემატკივარი დაუჭერს მხარს. თუ ეროვნული გუნდის ირგვლივ აჟიოტაჟი დიდია, ევრო 2023-ზე ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლისადმი ნაკლები ინტერესია.
ბელგიელმა გულშემატკივრებმა, რომლებიც არიან ფანკლუბ „1895 წლის“ წევრები, ჯგუფური ეტაპის სამ მატჩზე მხოლოდ ოცდაოთხი ბილეთი იყიდეს“, – წერს გამოცემა.
„ეს ამბავი არ მიკვირს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ევრო 2023 თითქმის ემთხვევა ეროვნული ნაკრების ორ მნიშვნელოვან მატჩს, რომელთაგან მეორე 21-წლამდელების მატჩის წინა დღეს ტარდება. ამას გარდა, საქართველო არ არის იოლი მიმართულება, რადგან ბრიუსელიდან პირდაპირი რეისი არ სრულდება.
მესამე ამ მოგზაურობის ღირებულებაა. იქ სასტუმროები იაფია, მაგრამ შეიძლება სწრაფად გაძვირდეს. ასე რომ, გულშემატკივრებისთვის საქართველოში ტურნირის ჩატარება ცოტა პრობლემურია“, – ამბობს ფანკლუბ „1895 წლის“ ხელმძღვანელი გაი ვან დენ ბრუკი.