ბელგიიდან საბერძნეთში - შენგელია „პანაიტოლიკოსში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
ლევან შენგელიამ ბელგია დატოვა და კარიერას საბერძნეთში, „პანაიტოლიკოსში“ გააგრძელებს – 26 წლის ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერზე ინფორმაციას ბერძნული კლუბი ავრცელებს.
„26 წლის თავდამსხმელმა ლევან შენგელიამ „პანაიტოლიკოსთან“ ორწლიანი თანამშრომლობის კონტრაქტი გააფორმა. ბოლო წლებში ის თამაშობდა თბილისის „დინამოში“, თურქულ „კონიასპორში“, ხოლო 2021 წლის ზაფხულიდან – ბელგიაში „ლეუვენში“, რომელთანაც კონტრაქტი გუშინ გაწყვიტა. ის საქართველოს ნაკრების წევრია“, – წერია „პანაიტოლიკოსის“ პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
ლევან შენგელია ბელგიურ კლუბ „ლეუვენში“ კარიერა წარმატებით დაიწყო და საწყის ტურებში თავი გამოიჩინა, მაგრამ გასულ სეზონში 22 მატჩიდან 18 შეცვლაზე ჩაატარა და სათამაშო პრაქტიკა აშკარად აკლდა. დაეხმარება თუ არა კლუბის შეცვლა ნაკრებში დაბრუნებაში, დრო გვაჩვენებს.
საქართველოს ნაკრებში შენგელიას დებიუტი შედგა 2019 წლის 12 ოქტომბერს ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. პირველად ძირითად შემადგენლობაში 2019 წლის 15 ოქტომბერს გიბრალტართან მომდევნო საკვალიფიკაციო მატჩში გამოჩნდა და 3:2 გამარჯვებისას ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ ბოლოს, ესპანეთთან გაძევების შემდეგ, ვილი სანიოლი აღარ იწვევს. სულ საქართველოს ნაკრებში მან 10 მატჩი ჩაატარა.
სავარაუდოდ, ლევან შენგელიას დებიუტი „პანაიტოლიკოსში“ 20 აგვისტოს, საბერძნეთის სუპერლიგის პირველი ტურის მატჩში შედგება – ქართველი თავდამსხმელის ახალი გუნდი სალონიკში „პაოკს“ ესტუმრება.