ბელგიელი საფეხბურთო ექსპერტი - „ნაპოლი“ ძალიან გაძლიერდა, კვარაცხელია კი ევროპის საუკეთესო ტრანსფერია #1TVSPORT
„ნაპოლი“ სასწაულებს აკეთებს – 12 შესაძლო ქულიდან 12 აიღო ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსისა“ და „ლივერპულის“ ჯგუფში. კვარაცხელიას გუნდმა 4 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ასევე „ნაპოლი“ ლიდერობს იტალიის სერია A-ს. საიდან გაჩნდა ეს მოულოდნელი აღორძინება? – ამის შესახებ ბელგიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ფილიპ ჯოსმა ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ევროპაში საუკეთესო უწოდა.
„ეს უბრალოდ სიგიჟეა, „ნაპოლი“ ძალიან ძლიერი გუნდი გახდა და ეს ცოტა მაკვირვებს. ხელი არ შეუშალეს გამორჩეული მოთამაშეების წასვლას, რომლებიც წლების განმავლობაში ლიდერობდნენ – ინსინიე, მერტენსი, კულიბალი და ფაბიან რუისი. მაგრამ სელექციამ ფანტასტიკურად იმუშავა, რადგან ძალიან კარგი მოთამაშეები იყიდეს. ახალგაზრდა მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მართლა გასაოცარია!
ამ დროისთვის ეს ევროპაში საუკეთესო ტრანსფერია. რასაც ის აკეთებს მარცხენა ფლანგზე უპრეცედენტოა. მხოლოდ მადრიდის „რეალში“ ვინისიუსს შეუძლია იყოს განსხვავებული კალიბრის. მთელი მსოფლიო უყურებს 21 წლის ბათუმის „დინამოს“ ყოფილ ფეხბურთელს. ის მოდის არადასავლური ტურნირიდან და მაინც ყველაზე თვალშისაცემი ფენომენია.
ამ პროექტის არქიტექტორი ლუჩანო სპალეტი საუკეთესო მწვრთნელია. მან რაღაც ძალიან განსაკუთრებული მოკლე დროში შექმნა. ჩნდება კითხვა: ასე გაგრძელდება თუ ისევ ვინმესთან კონფლიქტში შევა და ყველაფერს გაანადგურებს? პრეზიდენტი დე ლაურენტისი კლუბს წლების განმავლობაში თავისებურად მართავდა და საქმე არც ისე ცუდად მიდის.
ახლა უნდა ვისიამოვნოთ. ეს ძალიან ახალგაზრდა გუნდია. მაგრამ მეშინია, რომ ადრე თუ გვიან ამ ფეხბურთელებს გაყიდიან. სამწუხაროდ, ეს არის თანამედროვე ფეხბურთის უბედურება. თუ ის დაიშლება ან ფეხბურთელები ზამთრის შესვენებაზე გაიყიდებიან, „ნაპოლი“ უფრო მეტი თანხის გამომუშავებას ვერ შეძლებს. მაგრამ 99,9% დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემადგენლობა სეზონის ბოლომდე დარჩება. დე ლაურენტისსაც არ შეუძლია მათი გაშვება, თორემ ნეაპოლში თავის გამოჩენას ვეღარ გაბედავს.
ეს მიმდინარე სეზონში გუნდის პერსპექტივებს ზრდის. „იუვენტუსი“ დაიკარგა და „მილანი“ და „ინტერიც“ არ თამაშობენ „ნაპოლის“ მსგავს კარგ ფეხბურთს. ჩემპიონთა ლიგაზეც „ლივერპული“ და „აიაქსი“ არ არიან ისეთები, როგორიც წლის დასაწყისში იყვნენ“, – ამბობს საფეხბურთო ექსპერტი ფილიპ ჯოსი.
ფილიპ ჯოსი ბელგიელი სპორტული რეპორტიორი, ფეხბურთის ანალიტიკოსი და ფეხბურთის კომენტატორია. 1997 წლიდან მუშაობს ბელგიური საზოგადოებრივი მაუწყებლის VRT-ის სპორტულ გადაცემა Sporza-ში. ყოველ კვირას ბელგიური ფეხბურთის ახალ ამბებს განიხილავს და ბელგიის ჩემპიონატის მატჩების კომენტატორია.