ბელგიის ჩემპიონატის მომავალზე ხმის მიცემის პროცედურა 15 მაისს გადადეს. ადგილობრივი გამოცემების ცნობით, საფეხბურთო ლიგის გენერალურ ასამბლეაზე ჩემპიონატის შეჩერების საკითხი უნდა განიხილონ.
ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც კენჭისყრა ვერ ჩატარდა. პირველად გუნდების გენერალური ასამბლეა 27 აპრილს დაიგეგმა, შემდეგ კი 4 მაისისთვის გადაიტანეს.
საქმე ისაა, რომ კლუბებმა კენჭისყრის გადადება მანამდე გადაწყვიტეს, სანამ ბელგიის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ გამოაქვეყნებს.
ბელგიის ჩემპიონატში 29 ტური ჩატარდა და ხუთი ტურია დარჩენილია. გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტი“ მეორე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის რეალური შანსი გააჩნია.
კორონავირუსით გამოწვეული პაუზის გამო, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოში ჩამოვიდა და ბელგიაში გამგზავრებას ჯერ ვერ ახერხებს. ის ამჟამად თბილისში ინდივიდუალურად ვარჯიშობს, გიორგი ქვილითაია კი ბელგიაში იმყოფება.