2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანის ვინაობა ბელგიასა და ინგლისს შორის გაირკვა.
გუნდები მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ, მთლიანობაში კი, მუნდიალების ისტორიაში – მეოთხედ. პირველი დაპირისპირება ამ გუნდებს შორის 1954 წელს, შვეიცარიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე შედგა და ჯგუფური ეტაპის მატჩი 4:4 დასრულდა. ამის შემდეგ, 1990 წელს, ეს გუნდები ერთმანეთს მეორე ეტაპზე, ანუ მერვედფინალში შეხვდნენ და ის მატჩი ინგლისმა მოიგო – 1:0. რაც შეეხება ბოლო მატჩს, ის მიმდინარე ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა და ბელგიელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
უშუალოდ მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთებზე გაიხსნა. მე-4 წუთზე ბელგიელთა სწრაფ კონტრ-იერიშს ტომას მუნიეს გოლი მოჰყვა. 24-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰარი კეინს ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
70-ე წუთზე დაიერი კურტუასთან ერთი-ერთზე გავიდა და ბურთი ტექნიკურად გადაუგდო თავზე, თუმცა საკუთარი გუნდი ალდერვაირელდმა გადაარჩინა. ათ წუთში ბელგიელებმა საოცარი კონტრ შეტევა შემოგვთავაზეს და მუნიეს დარტყმული პიკფორდმა მოიგერია. ბელგიამ მეორე გოლი მაინც გაიტანა. 82-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, ედენ აზარმა საკუთარ გუნდს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა. საბოლოო ანგარიში – ბელგია 2:0 ინგლისი.
ბრინჯაოს მედალი ბელგიელთათვის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მათ 1986 წელს მოპოვებული მე-4 ადგილი გააუმჯობესეს.
ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!