დასრულდა მატჩი G ჯგუფში, სადაც ერთმანეთს ბელგიისა და პანამის ნაკრებები ხვდებოდნენ. პანამელებისთის ეს სადებიუტო მუნდიალია და თამაში მათ საკმაო რიხით დაიწყეს, თუმცა უფრო გამოცდილმა ბელგიელებმა მოედნის ცენტრი მალე იგდეს ხელთ და მეთოდურად შეუდგნენ მეტოქის კარისკენ გასაღების ძებნა. პირველ ტაიმში კარგი მომენტები ჰქონდათ მერტენსს, აზარს და სხვა ფეხბურთელებს, თუმცა შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.
მეორე ტაიმში ბელგიამ ზეწოლას უმატა და მალე ანგარიშიც გახსნა. 47-ე წუთზე დრის მერტენსმა მცველების მიერ მოგერიებულ ბურთს ფეხი ამოკრა და პარაშუტი გაუშვა პანამელთა კარში. მეკარე უძულური იყო – 1-0. ამის შემდეგ პანამელებს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ მეტოქის კარის წინ მარტო დარჩენილმა მურილიომ ამ საჩუქრით ვერ ისარგებლა.
ამის შემდეგ კი მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო. 69-ე წუთზე დე ბრეინემ საჯარიმოში ჩაკიდა ბურთი და რომელუ ლუკაკუმ შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2-0. ამ გოლს ბელგიელმა თავდამსხმელმა კიდევ ერთი დაუმატა 75-ე წუთზე და მესამე ფეხბურთელი გახდა მიმდინარე ჩემპიონატზე, რომელმაც ერთ თამაშში ორი გოლის გატანა შეძლო. პირველ დღეებში ეს რუსმა ჩერიშევმა და ესპანელმა დიეგო კოშტამ მოახერხეს.
ამრიგად ბელგიამ ეს მატჩი 3-0 მოიგო და G ჯგუფს 3 წულით სათავეში ჩაუდგა. 22:00 საათზე ამავე ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და ტუნისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!