ბელარუსული მედია - ქართველები ჩვენთან მატჩისთვის გადაღლილები იქნებიან
ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსთან მარტში დანიშნული შეხვედრის ივნისში გადატანა ბელარუსის ნაკრებს აწყობს – ამის შესახებ ბელარუსული გამოცემა „პრესბოლი“ წერს.
„ერთა ლიგის ნახევარფინალური და ფინალური მატჩების თარიღების შეცვლა (სავარაუდოდ, 2 და 6 ივნისს) ბელორუსის გუნდისთვის უკეთესიცაა. ჩვენი გუნდის ფეხბურთელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს. ზაფხულობით, ყველა მათგანი მიაღწევს ფორმის მწვერვალს, როდესაც მარტში ამისგან ობიექტურად შორს არიან. მეტოქის მდგომარეობა ფუნდამენტურად განსხვავებულია. საქართველოს ნაკრებში რეგულარულად მშობლიური ლიგის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი თამაშობს – ბათუმის „დინამოს” 33 წლის მცველი გეორგი ნავალოვსკი. ყველა სხვა ფეხბურთელი ლეგიონერია და თამაშობენ რუსეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, კვიპროსში … ყველგან იქ ჩემპიონატები იმართება „შემოდგომა – გაზაფხულის” სისტემით. ეს ნიშნავს, რომ თბილისში თამაშის დროს ისინი ბელორუსთან მატჩისთვის გადაღლილები იქნებიან” – წერს „პრესბოლი“.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ვიდეოკონფერენციაზე შეთანხმდნენ და შემდეგ ორგანიზაციის აღმასკომმა დაამტკიცა, რომ ევრო2020 2021 წლის ზაფხულში გაიმართება, ხოლო ერთა ლიგის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები 2 და 6 ივნისს.