„ბელარუსის ნაკრებთან, რა თქმა უნდა, ქართველები ფავორიტები არიან,“ – ასე აფასებს ერთა ლიგის ნაევარფიანლურ შეხვედრაში მეტოქეთა შანსებს ბელარუსული გამოცემა „ბელარუს სეგოდნიას“ ჟურნალისტი.
ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს და ბელარუსის ნაკრებები 8 ოქტომბერს თბილისში, „დინამო-არენაზე” დაუპირისპირდებიან. გამოცემა „ბელარუს სეგოდნიას“ წერილში ვკითხულობთ:
„ბელარუსის ეროვნული გუნდის ფეხბურთელები იწყებენ მზადებას ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის. საქართველოს ნაკრებისთვისაც ეს ასევე სიკვდილ-სიცოცხლის მატჩია. არც ერთ გუნდს ჯერ უმაღლესი დონის ტურნირების ფინალურ ეტაპზე არ უთამაშია. ორივე ქვეყნის გულშემატკივრები ამას განიცდიან, მაგრამ, სამართლიანობის გამო, დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ ამ წარმატებაზე ფიქრით უფრო მეტად არიან ანთებულები თბილისსა და ქუთაისში, ვიდრე მინსკსა და გომელში. ქართველებს საფეხბურთო ისტორია პირდაპირ ყვირის – ყიფიანი და შენგელია, თასების მფლობელთა თასზე გამარჯვება, კოტე მახარაძის ხმა, სოტკილავას დაუვიწყარი არიები დარასელიას დაუსრულებელი სიმღერით. და როგორ შეიძლება ასეთი ფესვების მქონე ქართველები ევროზე ერთხელ მაინც ვერ მოხვდნენ?!“ – უკვირს ჟურნალისტს.
მისი თქმით, ისტორიული წარმატება ზურგს ბელარუსის ფეხბურთსაც უმაგრებს: „ბელარუსში ვცხოვრობთ 1982 წლის მინსკის „დინამოს“ მოგონებებით, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ლიდერებს ეს ამბავი ახლაც და შემდეგშიც აიძულებს, ეროვნული გუნდი მინსკის „დინამოს“ ყოფილი წევრებს ჩააბარონ. ახლა თბილისში გუნდს მიხეილ მარხელი წაიყვანს, რომელსაც გეორგი კონდრატიევი ეხმარება, მაგრამ არავინ იცის, აქედან რა გამოვა“.
გამოცემის თქმით, საქართველოს ნაკრები უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება: „ქართველებს უფრო ძლიერი და კაშკაშა შემადგენლობა ჰყავთ. მაგრამ ჩვენ უფრო შეთამაშებულები ვართ რგოლებში და სამწუხაროდ, უფრო ასაკოვანიც. ასე რომ, რა თქმა უნდა, ქართველები ფავორიტები არიან, მაგრამ არც ჩვენი ნაკრებია ჩალით აშენებული. ყველას მშვენივრად ესმის, რომ მსგავსი მატჩი აღარ იქნება“.