ბელარუსთან დანიშნულმა მსაჯმა პირველი ფინალი საქართველოში განსაჯა - მაშინ ჩაქირი გამოუცდელი იყო
საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაზე დანიშნული მთავარი მსაჯი, ფიფა-ს არბიტრი, გუნეით ჩაქირი საქართველოში პირველად არ ჩამოდის – ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მან 2007 წელს საქართველოს თასის ფინალი განსაჯა.
ეს იყო საქართველოს თასის ფინალების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც გადამწყვეტ შეხვედრას უცხოელებმა უმსაჯეს – ეს იყო პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელების (პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი, გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი) ინიციატივა.
მაშინ ტურნირს ასე ეწოდებოდა – საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის „ყაზბეგის“ გათამაშება – ფინალი 26 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და რეკორდული რაოდენობით ადამიანი დაესწრო 25.000 ადამიანი.
ფინალში თბილისის „ამერი“ „ზესტაფონს“ დაუპირისპირდა და დიმიტრი ტატანაშვილის მიერ 61-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო.
ამ მატჩის დელეგატი, პროფლიგის ყოფილი გენერალური მდივანი, პაატა ბურჯალიანი საქართველოს პირველ არხთან საინტერესო ამბავს იხსენებს.
„მაშინ, გუნეთ ჩაქირი 30 წლის გამოუცდელი არბიტრი იყო და პირველი ფინალი სწორედ საქართველოში იმსაჯა. სხვათაშორის, მაშინაც მისი ასისტენტი ბაჰათინ თურანი იყო, რომელიც საქართველო-ბელარუსის მატჩზეც დაეხმარება. მაშინ, ჩვენი ქვეყნითა და ხალხით აღფრთოვანებული წავიდა და გამიხარდა, რომ 8 ოქტომბერს ის იმსაჯებს – პროფესიონალია და მჯერა, მატჩს ღირსეულად ჩაატარებს“, – ამბობს პაატა ბურჯალიანი.
8 ოქტომბერს საქართველოს და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.