ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე - ევრო 2020-ზე მოხვედრის ძალიან კარგი შანსი გვაქვს
მიხაილ მარხელმა ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთან შანსზე ილაპარაკა – ბელარუსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას იმედოვნებს.
„მომავალი სეზონი ბელარუსული ფეხბურთისთვის გადამწყვეტია. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ და სასწაული მოვახდინოთ. ასეთი შანსი ხშირად არ მოგვეცემა. ამიტომ, ამ შანსს სწორად ვაფასებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და შეუძლებელი, რათა ეს ამოცანა გადავწყვიტოთ“, – განაცხადა მარხელმა ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე სტუმრობისას.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს 26 მარტს საკუთარ სტადიონზე მიიღებს. ამ წყვილის გამარჯვებული 31 მარტს საკუთარ მოედანზე მაკედონია-კოსოვოს შორის უძლიერესს უმასპინძლებს, მოგებული კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.