ბელარუსის ნაკრების ლეგენდა - საქართველოსთან ჩვენი ნაკრების თამაშს არ ვუყურებ
ბელარუსის ნაკრების ლეგენდა - საქართველოსთან ჩვენი ნაკრების თამაშს არ ვუყურებ

ბელორუსის ნაკრების ლეგენდამ, „მილანისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფორვარდმა, ვიტალი კუტუზოვმა ღიად განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსთან ბელარუსის ნაკრების თამაშს არ უყურებს, რადგან მასში პერსპექტივას ვერ ხედავს.

„თქვენ ხვალ აპირებთ ფეხბურთის ყურებას? მე – არა, მაგრამ ვუყურებ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების თამაშს, რადგან იქ მომავალია. ამ ნაკრებს ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან გამოანათებს“, – წერს კუტუზოვი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

ვიტალი კუტუზოვი ცნობილია არა მხოლოდ საფეხბურთო წარსულით – ის ბელარუსის ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგეა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობასაც ხშირად აკრიტიკებს. 2019 წელს იგი გახდა Global Sports Investment-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებები ერთა ლიგის ნახევარფინალში 8 ოქტომბერს ითამაშებენ. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.

დატოვე კომენტარი