ბელარუსის სპორტის სოლიდარობის ფონდმა (BSSF) ომის საწინააღმდეგო დეკლარაცია წარადგინა. ანტისაომარი ტექსტი ჩამოყალიბებულია საერთაშორისო სპორტული საზოგადოების სახელით.
„დეკლარაციის ხელმომწერები უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დაუყონებლივ შეწყვეტის მომხრენი ვართ. ომი მიმდინარეობს ბელარუსის ტერიტორიის გამოყენებით და რუსული ჯარები უნდა გაიყვანონ არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ – ბელარუსიდანაც. უკრაინის ომის დროს სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები მოხდა. მხარს ვუჭერთ ამ დანაშაულების საერთაშორისო გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობას. დეკლარაციის ავტორები ვაღიარებთ უკრაინის დამოუკიდებლობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს ვუჭერთ ბელარუსის სუვერენიტეტის შენარჩუნებას“, – წერია დეკლარაციაში.
ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ რამდენიმე დღეში წერილის ხელმომწერი ცნობილი ბელარუსი სპორტსმენების რაოდენობამ ასს გადააჭარბა. ხელმომწერთა შორის არიან – ლეგენდარული ფეხბურთელი და კიევის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი ალექსანდრე ხაცკევიჩი, პოლონური „რაკუვას“ თავდამსხმელი და ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ბელარუსი ფეხბურთელი ილია შკურინი (რომელიც ნაკრებიდან ლუკაშენკოს კრიტიკისთვის მოკვეთეს), 2008 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი მრავალჭიდში ანდრეი კრავჩენკო, საფეხბურთო კლუბ „ლვოვის“ მთავარი მწვრთნელი ოლეგ დულუბი, მოთხილამურე სერგეი დოლიდოვიჩი, კიკბოქსინგში მსოფლიო თასის გამარჯვებული ივან განინი, 2008 წლის ოლიმპიადის მედალოსანი, მძლეოსანი ნადეჟდა ოსტაპჩუკი.
ხელმომწერებში ასევე არიან ბელარუსი მენეჯერები და ჟურნალისტები. წერილს ხელს აწერს 11 უკრაინელი სპორტსმენიც, მათ შორის, ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გიორგი ზანთარია, უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი მაქსიმ შაცკიხი, ევროპა ლიგის ფინალისტი და უეფა-ს თასის მფლობელი ევგენი სელეზნევი, სლოვენიელი ფეხბურთელი, კიევის „დინამოსა“ და სლოვენიის ნაკრების ნახევარმცველი ბენჯამინ ვერბიჩი.
„ყველა ბელარუსი სპორტსმენი ასოცირდება ლუკაშენკოს რეჟიმთან, რაც არ არის სწორი. არიან ისეთებიც, ვინც საკუთარი შეხედულებების გამო იტანჯებოდნენ და იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა. იმედია, რომ დეკლარაციაზე ხელმოწერა გახდება საფუძველი, რომ სპორტული სოლიდარობის ფონდი დაეხმარა სპორტსმენის ნეიტრალური სტატუსით შეჯიბრებებში დაშვებაში. ანუ, წერილში სპორტსმენის ხელმოწერა დაადასტურებდა მის დამოკიდებულებას უკრაინის ომის მიმართ და, შესაბამისად, მის წინააღმდეგ სანქციების უსაფუძვლობას. შედეგად, ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანი: ღიად მოაწეროს ხელი დეკლარაციას და, შესაძლოა, მიიღოს კარიერის გაგრძელების შანსი ან გაჩუმდეს და დარჩეს თავის პოზიციებზე ბელარუსულ სპორტში, მაგრამ აღმოჩნდეს საერთაშორისო შეჯიბრებების მიღმა“, – განმარტა ბელორუსის სპორტის სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე აპეიკინმა.