ბელარუსი საქართველოში დანაკლისით მოდის - პოლიტიკა სანაკრებო შემადგენლობაშიც ჩაერია
ბელარუსი საქართველოში დანაკლისით მოდის - პოლიტიკა სანაკრებო შემადგენლობაშიც ჩაერია

საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია – გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა გაფართოებული სია „გაფილტრა“ და საუკეთესოები შეარჩია.

გაფართოებულ სიაშიც არ იყო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული თავდამსხმელი ილია შკურინი – მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელი ბელარუსის ოპოზიციის მხარეს დადგა და განაცხადა, რომ სანამ ბელარუსს ალექსანდრ ლუკაშენკო მართავს, მანამდე ეროვნულ ნაკრებში არ ითამაშებს.

სიაში ვერ მოხვდა ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი ბელარუსი ნახევარმცველი იური კენდიში. 30 წლის ნახევარმცველი მარხელმა დანიშვნისთანავე განზე გასწია. ის ამის გამო ტირასპოლის „შერიფიდან“ იანვარში ბელარუსის ჩემპიონობისთვის მებრძოლ სოლიგორსკის „შახტიორს“ დაბრუნდა, გაფართოებულ სიაშიც მოხვდა, მაგრამ მწვრთნელის გემოვნებაში ვერ ჩაჯდა.

საბოლოო სიაში ვერ ვხედავთ არც ბელარუსის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სტანისლავ დრაგუნია. ბატე-ს 32 ნახევარმცველს კორონავირუსი ჰქონდა და გუნდს მხოლოდ 2 ოქტომბერს დაუბრუნდა. არის საინტერესო დეტალი – ბელარუსის ხელისუფლებამ გამოსვლებში მონაწილეობისთვის კალათბურთელ ელენა ლევჩენკოს 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. „ბატეს“ ფეხბურთელებმა სტანისლავ დრაგუნმა და ნიკოლაი სიგნევიჩმა თავიანთ ინსტაგრამის გვერდებზე 2 ოქტომბერს ერთდოულად დაწერეს: „მე ვამაყობ იმით, რასაც ბელორუსებისთვის აკეთებ”. მაგრამ არის თუ არა ეს კავშირში დრაგუნის ნაკრებში ვერმოხვედრასთან, ამის მტკიცება ძნელია.

საინტერესოა, რომ დრაგუნმა 2012 წლის 16 ოქტომბერს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში მინსკში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ (2:0) ითამაშა და გოლიც გაიტანა.

საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებები ერთა ლიგის ნახევარფინალში 8 ოქტომბერს თბილისის „დინამო-არენაზე“ ითამაშებენ. ამის შემდეგ, ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში პროგრამით ბელარუსები ლიეტუვასა და ყაზახეთს შეხვდებიან. მარხელის გუნდი შეკრებას დღეს, 3 ოქტომბრიდან დაიწყებს, საქართველოში კი 7 ოქტომბერს გვესტუმრება.