ბეგლარიშვილმა მოქალაქეობაზე გამოცდა წარმატებით ჩააბარა - წინ მეორე ტურია
ბეგლარიშვილმა მოქალაქეობაზე გამოცდა წარმატებით ჩააბარა - წინ მეორე ტურია

ესტონეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, „ფლორას“ 28 წლის ქართველი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი მალე ესტონეთის მოქალაქეობას მიიღებს – ინფორმაციას გამოცემა postimees.ee ავრცელებს.

ბეგლარიშვილმა შარშან გადაწყვიტა ესტონეთის მოქალაქე გამხდარიყო და ამ ბალტიისპრული ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა. მან მოქალაქეობას მისაღებად საჭირო პროცედურები გაიარა, ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეაგროვა და კონსტიტუციის ცოდნაზე 27 ოქტომბერს დანიშნული გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ახლა მას მეორე გამოცდის ჩაბარება ესტონური ენის ცოდნაზე მოუწევს.

„ესტონეთში ჩამოსვლისას არც ვფიქრობდი, რომ რვა წელი დავრჩებოდი და რომ მოქალაქეობის მიღებას შევძლებდი, მცირე ხნის შემდეგ ფეხბურთის თამაში სხვა ქვეყანაში მინდოდა. 2-3 წლის შემდეგ ჩემი ოჯახი ესტონეთში გადმოვიდა, შარშან კი აქ ჩემი მეორე შვილი დაიბადა. მომწონს ესტონეთი – მშვიდი და პატარა ქვეყანა, რომელმაც მე და ჩემს ოჯახს ბევრი რამ მოგვცა. როდესაც ქვეყანა ასე გექცევა, შენ უბრალოდ ვალდებულიც ხარ, ესტონური ენა ისწავლო“ – ამბობს ბეგლარიშვილი.