ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ტალინის „ლევადიას“ 32 წლის ნახევარმცველმა დასრულებული სეზონის 33 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა.
მეორე ადგილზე „პაიდეს“ თავდამსხმელი რობი საარმა გავიდა, რომლის ანგარშზეც 16 გოლია. ქართველმა ნახევარმცველმა 21 გოლიდან 6 პენალტით გაიტანა და „ლევადიას“ მეორე ადგილის დაკავებასა და კონფერენსლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.
ბეგლარიშვილი საფეხბურთო სკოლა „ოლიმპის“ აღზრდილია. 2008 წელს ამსტერდამის „აიაქსის“ 19-წლამდელთა გუნდში ვარჯიშობდა, შემდეგ კი რამდენიმე კლუბი შეიცვალა – „თბილისი“, გორის „დილა“, „ლოკომოტივი“.
2010 წელს ბეგლარიშვილი ესტონეთში წავიდა, სადაც ტალინის „ფლორას“ ლიდერი გახდა. მცირე ხნით ითამაშა ბოლნისის „სიონში“, ბუდაპეშტის „ჰონვედში“, „სეინაიოკში“, მაგრამ ისევ 2014 წელს „ფლორას“ დაუბრუნდა, სადაც 2020 წლამდე თამაშობდა. ტალინის მეორე კლუბის, „ლევადიას“ ფორმა 2021 წელს მოირგო.
შემტევმა ნახევარმცველმა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, ესტონეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა და 2019 წლის სექტემბერში ესტონური პასპორტი მიიღო.