ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის „პრემიუმ ლიგის“ ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ესტონეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში „ნარვამ“, სადაც შალვა ბურჯანაძე, ვაჟა ნემსაძე, ზაქარია ბეგლარიშვილი და სერგო კუხიანიძე თამაშობენ, გასვლაზე „ტამეკასთან“ ქულა ქართველის გოლით მოიპოვა – 3:3.

ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. 90+3-ე წუთზე, როდესაც „ნარვა“ აგებდა და 10 მოთამაშით იყო დარჩენილი, ქართველების გუნდმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც ბეგლარიშვილმა ზუსტად შეასრულა.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, „ნარვაში“ კი (ლიგაში ადგილი შეინარჩუნა) ყველაზე შედეგიანები ქართველები არიან. ბეგლარიშვილის ანგარიშზე 7 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, ხოლო სერგო კუხიანიძე 11 გოლით საუკეთესო ბომბარდირია (+7 საგოლე გადაცემა).

Sofascore-ის რეიტინგით, „ნარვას“ საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულში სამი ქართველია – პირველია ბეგლარიშვილი (7,36), მეორე კუხიანიძე (7,23), ხოლო მეოთხეზე – ბურჯანაძე (7,09).