ბოლო 33 წელიწადში „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოსაა. ამასთან დაკავშირებით, BBC Sport-მა გუნდზე, ნეაპოლში არსებულ განწყობებსა და ხვიჩა კვარცხელიაზე წერილი გამოაქვეყნა.
ესპანური კვარტალი
„ფარი, რომელიც სკუდეტოს სიმბოლოა, დახატეს ნეაპოლში ესპანური კვარტლის კიბეებზე. ნეაპოლი ჩემპიონობის ზღვარზე რომ არის, შეგიძლიათ, ქალაქში ნახოთ, გაიგოთ, იგრძნოთ.
აივანზე კლუბის მესამე ჩემპიონობის აღსანიშნავი დროშებია, ქარი აფრიალებს ბანერებს წარწერებით „100% ჩემპიონი“, ცრუმორწმუნე ნეაპოლელებსაც კი არ შეუძლიათ, არ აღიარონ, რომ ეს მათი წელია.
ქუჩები, შენობები და საფეხურები მორთულია და შეღებილია საკლუბო ლურჯი და თეთრი ფერებით, ბევრგანაა გუნდის წევრების რეალური ზომის ფიგურები, კლუბის მაისურები და მოთამაშეების პლაკატები მიბმულია სარეცხის თოკებზე. სპორტული წარმატება ემთხვევა ტურისტულ ბუმს.
„ნეაპოლი საკუთარი თავის და სიდიადის ხელახლა აღმოჩენის მომენტს განიცდის“, – ამბობს მწერალი ანჯელო ფორჯიონე.
როდესაც მარადონამ „ნაპოლის“ პირველი სკუდეტო მოუტანა 1987 წელს, გულშემატკივრებმა განათავსეს ბანერი ქალაქის უდიდეს სასაფლაოსთან, რომელზეც ეწერა: „თქვენ არ იცით, რა გამოგრჩათ“. ახალი თაობა ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ ახსოვდეს ასეთი დიდება, მაგრამ ამ გრძნობას თავადაც განიცდიან.
„1990 წელს ექვსი თვის ვიყავი, მაგრამ დიეგო მარადონას ყურებით გავიზარდე. ეს სკუდეტო იმ დროსთან გაერთიანებას ჰგავს“, – ამბობს ვინჩენცო კრედინო CalcioNapoli24 TV-დან.
Nilo Bar-ში მარადონას თმის ღერი ტრიალებს, როგორც არგენტინელის საკურთხევლის ნაწილი. მიწისქვეშა მუზეუმში გამოფენილია ნივთები, რომლებიც შეიძინა მისი მოახლის ვაჟმა, როდესაც მარადონამ ქალაქი დატოვა.
„მარადონა აქ ღმერთს ჰგავს. მან ხალხს იმედი მისცა. ნეაპოლელები საკუთარ თავს მარადონაში ხედავენ“, – ამბობს 23 წლის ფანი მარია რობერტა დე ჯესუ.
„მარადონამ ხალხს „სამართლიანობა“ მოუტანა ჩრდილოეთის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ, რომელიც დაიწყო საუკუნეზე მეტი ხნის წინ, როდესაც იტალია გაერთიანდა“, – ამბობს კულტურის ექსპერტი ფრანჩესკო კარინიანი.
რომის სამხრეთით არცერთ კლუბს არ მოუგია 1990 წლის შემდეგ სერია A მარადონას, კარეკას, ჩირო ფერარასა და ახალგაზრდა ჯანფრანკო ძოლას „ნაპოლის“ შემდეგ, ხოლო ნეაპოლელები კვლავ იტანენ დაცინვას ჩრდილოელი მეტოქეების მხრიდან დანაშაულის, სიღარიბის და ქოლერის ეპიდემიის აფეთქების გამო.
ხალხი აქ უპირველესად ნეაპოლიტანელია და შემდეგ – იტალიელი. სამხრეთელები იტალიაში ცხოვრობენ სიყვარულით, ემოციით – სხვაგვარად, ვიდრე ჩრდილოეთში.
„ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთი, ესაა ჩვენთვის საზოგადოების განვითარების სოციალური ინსტრუმენტი“ ,- განმარტავს ჟურნალისტი ელენა ლოპრესტი.
კინოპროდიუსერმა აურელიო დე ლაურენტისმა კლუბი 2004 წელს შეიძინა და დააბრუნა უმაღლესი დივიზიონში და ევროპულ ფეხბურთში – „ნაპოლი“ მხარდამჭერების რაოდენობით იტალიის მეოთხე კლუბია „იუვენტუსის“, „მილანისა“ და „ინტერის“ შემდეგ, მაგრამ მისი გულშემატკივრები კონცენტრირებულები არიან რეგიონში და არა – ალპებიდან სიცილიამდე.
დე ლაურენტისის ეპოქაში კარგი მოთამაშეების მოყვანა მოხერხდა – ედინსონ კავანსის, ეზეკიელ ლავეცის, ჟორჟინიოს, გონსალო იგუაინის, მაგრამ მომგებიანი გაყიდვების მიუხედავად, გუნდი ტიტულისთვის რბოლაში უიღბლო იყო.
გასულ ზაფხულს, მას შემდეგ, რაც ჩემპიონობის კიდევ ერთი შანსი დაიკარგა, ულტრასები სპალეტის დაჰპირდნენ, რომ მოპარულ Fiat Panda-ს დააბრუნებდნენ იმ პირობით, თუ კლუბს დატოვებდა.
„ახლა ის იმსახურებს „ფერარის“ და არა – „პანდას“, – იცინიან ნეაპოლში.
სპალეტიმ, „ინტერიდან“ გაშვების შემდეგ, ორი წელი გაატარა თავის ფერმაში ტოსკანაში, სანამ „ნაპოლიში“ იმუშავებდა. ახლა ის სავარჯიშო მოედანთან ახლოს ცხოვრობს და სკუდეტოს დასაპყრობად დაუღალავად მუშაობს.
მარადონა „ნაპოლის“ წინა ტრიუმფის სახე იყო. ამჯერად გამოჩნდნენ უცნობი გმირები, რომლებიც მოიყვანა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი წუხდა, რომ კლუბმა გასულ წელს გაყიდა ვარსკვლავები: კალიდუ კულიბალი, ლორენცო ინსინიე და დრის მერტენსი, ამ გადაწყვეტილებებმა გაამართა.
„ჯუნტოლიმ აღმოაჩინა ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, კიმ მინ ჯე. სპალეტი ქმნის ამ პერსონაჟებს. მას შეუძლია, ყველა მოთამაშეს გასაღები მოუძებნოს, რათა მათ საუკეთესო თვისებები გამოავლინონ. სლოვაკი ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა ახლა ინიესტას და ჩავის ჰგავს“, – ამბობს გუნდის ფანი პაოლო ციმინო.
მატჩის დღეს მარადონას სახელობის სტადიონის გარეთ ბავშვები საუკეთესო ბომბარდირის, ოსიმენის ნიღაბს იკეთებენ და საქართველოს დროშები ფრიალებს, მოუსვენარი თავდამსხმელის, კვარაცხელიას გამო.
„ბოკასა“ და არგენტინის ნაკრების მაისურიც არის და მარადონას ამ გუნდში თუ ვინმე ჰგავს, ეს 22 წლის კვარაცხელიაა. გასულ ზაფხულს ბათუმის „დინამოდან“ მოსულ ფეხბურთელს მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს, მაგრამ ციმინო მასში ხედავს „ტორინოს“ პერიოდის ჯანლუიჯი ლენტინის ან „მილანის“ ეპოქის კაკას.
„ის წარმოუდგენლად არაპროგნოზირებადია, მაგრამ თუ მარადონა ნახევარღმერთი იყო, მაშინ კვარაცხელია რომის პაპია. მას სულ სხვა დამოკიდებულება აქვს, სულ სხვა პიროვნებაა“, – აცხადებს ჟურნალისტი ვინჩენცო კრედენდინო.
კვარაცხელია აჯადოებს, მაგრამ კვირას „მილანის“ წინააღმდეგ 21-გოლის გამტანი თავდამსხმელის, ოსიმენის გარეშე ვერ შეძლო „ნაპოლის“ დახმარება, რომელიც 4:0 დამარცხდა. ნეაპოლელებს შეახსენეს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მეოთხედფინალში გამარჯვება გარანტირებული არ აქვთ.
რამდენიმე კვირაში „ნაპოლის“ გულშემატკივრები და დირექტორთა საბჭო ბოლო 33 წელიწადში პირველ ტიტულს იზეიმებენ. ამ მომენტის დადგომას გულშემატკივრები სთხოვდნენ ქალაქის მფარველ წმინდან სან ჯენაროს და მარადონას სულს. მოსახლეობა ფულს ზოგავდა მთავარი დღესასწაულისთვის მოსამზადებლად“, – ვკითხულობთ წერილში.