„ბაზელის“ მწვრთნელი - სიგუამ გუნდში კარგი მუხტი შემოიტანა #1TVSPORT
„ბაზელის“ მწვრთნელი - სიგუამ გუნდში კარგი მუხტი შემოიტანა #1TVSPORT

„ბაზელის“ მწვრთნელის, ფაბიო სელესტინის გუნდმა ბოლო ორ შეხვედრაში გამარჯვების გემო გაიხსენა – შვეიცარიის თასზე გასვლით მატჩში „კრიენსთან“ 1:0 მოიგო, ჩემპიონატში კი შინ „ივერდონი“ 2:1 დაამარცხა. მწვრთნელმა ამ წარმატებაში გაბრიელ სიგუას როლზე ისაუბრა, რომელმაც ბოლო მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ორი გამარჯვება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყო. როცა იმარჯვებ, ყველაფერი კარგად ჩანს, უფრო მეტი ხალისით ვარჯიშობ და ამ განწყობის გამო ნაკლებად იღლები. ეს ძნელი ასახსნელია, მაგრამ ფაქტია. ფეხბურთელების რეაქციამ აჩვენა, თუ რამდენი ენერგია დახარჯეს, რომ სამი თვის შემდეგ ჩემპიონატში პირველად მოგვეგო.

შესაძლოა, თამაში კარგად არ მიდიოდეს, მაგრამ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ „ბაზელს“ აქამდე არ უბრძოლია, მაგრამ ამას ყველა თავის პოზიციაზე აკეთებდა, „ივერდონთან“ კი ყველამ გუნდურობა გამოავლინა და ერთად იბრძოდა.

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი იყო მოედანზე შეცვლაზე შესულების, გაბრიელ სიგუას და ტიერნო ბარის როლი. ისინი მოედანზე თამაშის დასრულებამდე 20-25 წუთით ადრე გავიდნენ და ბარის გადაცემით სიგუამ გაიტანა. შემცვლელები გუნდში ასეთ მუხტს რომ შემოიტანენ, ეს კარგი ნიშანია“, – თქვა ფაბიო სელესტინიმ.