ბათუმში კიკბოქსინგისა და MMA-ს საერთაშორისო ტურნირი „Grand Bellagio Championship-2“ გაიმართა. ტურნირზე, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდა, რვა ორთაბრძოლიდან ექვსი კიკბოქსინგის, ხოლო ორი MMA-ს წესებით მოეწყო.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სპორტსმენები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან, ბელგიიდან, ირანიდან, უგანდადან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან.
MMA-ს წესების მიხედვით, ქართველმა სპორტსმენმა, ტიმურ გორდინსკი-დადუანმა, რომელიც 120 კგ წონით კატეგორიაში იბრძოდა, ნოკაუტით დაამარცხა ირანელი მეტოქე ჰოსეინ ფატიზაჰე.
60 კგ-მდე კიკბოქსინგში ლერი გოგოხიამ სომეხი მეტოქე არმენ პეტროსიანი დაამარცხა. 69 კილოგრამში გამარჯვებული ამირან ნაჭყებია გახდა. მან თურქი ალპერენ ავჯი დაამარცხა. თურქი სპორტსმენი აჰმედ კილიჩი კი ქართველ სპორტსმენთან, ზუკა ივანიაძესთან 83 კილოგრამში დამარცხდა.
ღამის მთავარი ბრძოლა კიკბოქსინგში მსოფლიოს შვიდგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონს, ალიმ ნაბიევსა და უგანდელ სპორტსმენს, კონტინენტისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, უმარ სემატას შორის გაიმართა. ალიმ ნაბიევმა 64 ორთაბრძოლიდან 56-ე გამარჯვება მოიპოვა.