ბათუმში დასწრების რეკორდი დამყარდება - ორი „დინამოს“ მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია #1TVSPORT
ბათუმში მორიგი რეკორდი დაფიქსირდა – ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს, მატჩზე დასასწრები ბილეთები კი უკვე გაყიდულია – ინფორმაციას ბათუმელთა პრესსამსახური ავრცელებს.
„დღევანდელ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ძვირფასო გულშემატკივრებო, კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ გარემოსთვის, რასაც ჩვენს არენაზე ქმნით და მუხტისთვის, რომელსაც ჩვენს გუნდს აძლევთ. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ენერგიის მომცემია. დღევანდელ მატჩს ჩვენც მოუთმენლად ველოდით და გვინდა კიდევ ერთი შესანიშნავი საღამო ჩავატაროთ თქვენთან ერთად. მოგიწოდებთ, შეძლებისდაგვარად მატჩზე თეთრი მაისურებით მობრძანდეთ და დავეხმაროთ ფანკლუბს იმ სილამაზემ, რაც პირატების ტრიბუნაზე ხდება, მთელი სტადიონი მოიცვას“, – წერია ბათუმის „დინამოს“ მიმართვაში.
ბათუმის არენა 2020 წელს გაიხსნა, მას შემდეგ სტადიონზე მაყურებლის დასწრების პრობლემა არასოდეს ყოფილა – თამაშებზე 15,16, 17, 18 ათასი მაყურებელი მოსულა. მაგრამ ეროვნული ლიგის მატჩზე ბილეთები სრულად პირველად გაიყიდა და დღეს ორი „დინამოს“ მატჩზე რეკორდული დასწრება დაფიქსირდება.
მაყურებლის ინტერესს იწვევს არა მხოლოდ მატჩი, არამედ ხვიჩა კვარაცხელიაც – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ბათუმის „დინამო“ იტალიაში დღეს გააცილებს. ხვიჩა კვარაცხელიას სერია ა-ს ერთ-ერთი გრანდი „ნაპოლი“ 1 ივლისის შემდეგ წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგის მიმდინარე სეზონში მაყურებელთა დასწრების რეკორდი მე-11 ტურში თბილისის „დინამო არენაზე“ ასევე ორი „დინამოს“ მატჩშიც დროს დაფიქსირდა.