ბათუმის სტადიონზე თამაშები მაისიდან განახლდება - ახალ არენაზე ახალი საფარი დააგეს #1TVSPORT
ბათუმის სტადიონზე თამაშები მაისიდან განახლდება - ახალ არენაზე ახალი საფარი დააგეს #1TVSPORT

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ბალახის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

2020 წლის ბოლოს, სტადიონზე ეროვნული ლიგის ორი შეხვედრა გაიმართა და საფარმა არ გაამართლა. ამჟამად, ჰიბრიდული მინდორი დააგეს, რომლის ხარჯებიც საკუთარ თავზე სტადიონის მშენებელმა კომპანია „ანაგმა“ აიღო. ჰიბრიდული მოედანი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს. ბათუმის ახალ სტადიონზე დამონტაჟდა ე.წ ხელოვნური მზე, რომელიც მინდვრის საფარის ზრდას და განვითარებას უზრუნველყოფს და სრულად შეესაბამება უეფა-ს მოთხოვნებს.

ჰიბრიდული მინდორი მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა კომპანია SISPICHES-მა მოაწყო, რომელსაც ასეთი საფარი მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის, ბარსელონას „კამპ ნოუზე“, მილანის „სან სიროსა“ და სხვა ისეთ სტადიონებზე, სადაც ბათუმის სტადიონის მსგავსად, მოედნის მზით განათების პრობლემაა.

 

„ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. საფეხბურთო სტადიონი, გარდა სპორტული აქტივობებისა, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს., მნიშვნელოვანია, რომ სტადიონმა უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩების მასპინძლობის უფლება მოიპოვა, რომელიც 2023 წელს გაიმართება. ასევე, გაზაფხულზე სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის ააიპ პროექტების მართვის კომპანიის დირექტორის, ბაქარ ჩიტაიას თქმით, ბათუმის სტადიონზე მატჩები მაისიდან განახლდება.

უეფა-ს მეოთხე კატეგორიის სტანდარტებით აშენებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით არის აღჭურვილი. სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა, 500 ადამიანი იყო დასაქმებული.