ბათუმის სასამართლომ პოლიციის უფროსის მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ბათუმის სასამართლომ პოლიციის უფროსის მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ქობულეთში მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას მოკლულის ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისინი მსჯავდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ. ხმაური სასამართლოს შენობიდან ეზოში გაგრძელდა.

შემთხვევა გასული წლის ზაფხულში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 15 ივნისს, ღამით სოფელ მუხაესტატეში ბესიკ ტაკიძემ პოლიციის განყოფილების უფროსს ბუტა ანთაძეს ზურგის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შემდეგ ბრალდებულის ახლობლები აცხადებდნენ, რომ პოლიციელთან ტაკიძეს წლების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა.