ზამთრის თასის ლეგენდათა ტურნირის მონაწილე გუნდების წევრებმა ბათუმის მშენებარე სტადიონი მოინახულეს. სტადიონზე მათთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მთელ ქვეყანას, კონკრეტულად აჭარას და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ასეთი სიხარულის მოლოდინი აქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ სტადიონი მალე გაიხსნება და ბათუმის „დინამოს“ უკვე გაზაფხულზე შეეძლება საშინაო მატჩების გამართვა. ჩვენი სტუმრები აღფრთოვანებულები არიან და გვილოცავენ, რომ ქვეყანას ასეთი ლამაზი არენა შეემატება. ჩვენთვის და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ არენაზე სხვადასხვა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების გამართვა შეგვეძლება. ამასთან ერთად ყველანი ველოდებით, რომ ზაფხულში ბათუმის „დინამო“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს საკუთარ ქალაქში გამართავს. ეს პროცესი კიდევ უფრო გააძლიერებს გუნდს და გაზრდის ფეხბურთის მიმართ იმ ინტერესს, რომელიც ამ ქალაქში ისედაც დიდია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს, რომ ყველანაირად შეუწყოს ხელი მშენებლობის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას“ – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.
ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობის პროცესი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ალან ჟირესმაც მოინახულეს.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბათუმი უეფას მეოთხე კატეგორიის, 20 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონს მიიღებს. მშენებლობა ბოლოო ფაზაში გადავიდა. რამდენიმე დღის წინ არენაზე ინდივიდუალური სკამების მონტაჟი დასრულდა. ამჟამად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი ტაბლოს მონტაჟი და შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.