ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს სტადიონზე შესვლა ერთი წლით აეკრძალა - დისციპლინარებმა უმკაცრესი სასჯელი დააწესეს #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე ბათუმის „დინამო“ მკაცრად დაისაჯა. სხდომაზე იმსჯელეს 12 ნოემბერს ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტების შესახებ, განიხილეს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ფაქტები, მათ შორის, მატჩის დელეგატის მოხსენებითი ბარათები, მატჩის ვიდეოჩანაწერი და ვიდეომასალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში, ბათუმის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადება გაავრცელა და მსაჯზე თავდასხმა, მოედანზე შევარდნა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ვანდალიზმი და სხვა ქმედებები დაგმო.
სადისციპლინო სხდომას ასევე ესწრებოდნენ კლუბების წარმომადგენლები და მატჩის ოფიციალური პირები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილება მათთვის მძიმე გამოდგა: ბათუმის „დინამო“ მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს; კლუბს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით. ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 ათასი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა სტადიონზე შესვლა ბათუმის „დინამოს“ როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე.
ამას გარდა, ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, გურამ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით და ექვს მატჩზე აეკრძალა სტადიონზე შესვლა ბათუმის „დინამოს“ როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე.
დასჯილია ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, დავით ჯანელიძეც – მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივართა მეკავშირე ოფიცერს კი ორასლარიანი ფულადი ჯარი დაეკისრა.