ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა კვარაცხელია-დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა პრეზიდენტ არჩილ ბერიძის კომენტარი, სადაც ის კლუბის პარტნიორ გამოცემასთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს.
„გავრცელებულ ცნობებს ამ ეტაპზე მხოლოდ ასე შემიძლია გამოვეხმაურო: ჩვენ, რა თქმა უნდა, მოხარულები ვიქნებით, თუ ეს ფეხბურთელები ბათუმის „დინამოში“ აღმოჩნდებიან და გარკვეულ პერიოდს ჩვენს გუნდში გაატარებენ, მაგრამ ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების საფუძველი არ გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა წარმატებები ვუსურვო ხვიჩას და ზურიკოს საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხლოებულ სანაკრებო მატჩებში“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ ორი მოთამაშის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თავად საქართველოს ჩემპიონმა შეუწყო ხელი – ბათუმის „დინამომ“ გამოაქვეყნა სურათი კითხვით – Guess who? (გამოიცანი ვინ არის). მასზე გამოსახული იყო ხვიჩა კვარაცხელია კონტური ცნობილი ფოტოდან, სადაც საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი ესპანეთის ნაკრების კარში გატანილ გოლს აღნიშნავდა.
ამით საქართველოს ჩემპიონმა მიანიშნა, რომ ყაზანის „რუბინიდან“ წამოსული კვარაცხელია ბათუმის „დინამოში“ ითამაშებდა, რადგან სურათზე ხვიჩას მაისურზე გუნდის ლოგო ჰქონდა გამოსახული.
გავრცელებული ცნობებით, ქართველმა თავდამსხმელმა რუსეთისთვის ფიფა-ს დაწესებული სანქციით ისარგებლა და „რუბინი“ დატოვა, ხოლო ზურიკო დავითაშილმა – ტულის „არსენალი“. როდის ექნება ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს ინფორმაციის დადასტურების საფუძველი, ამას მალე შევიტყობთ.