ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი - ჯოვინოს ხელფასს ვუორმაგებდით, მაგრამ უარი თქვა
ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საწვრთნელ ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გუნდის მთავარი მწვრთნელის საკითხის გარდა, ფლამარიონ ჯოვინოს ტრანსფერზეც ისაუბრა.
„ამ ნაბიჯის გადადგმა ჯოვინომ თვითონ მოისურვა და ჩვენც სხვა არჩევანი არ გვქონდა გარდა იმისა, რომ მის კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად, იჯარით „როტორში“ გაგვეშვა. კონტრაქტის გაფორმების წინ ჯოვინოს აგენტების მხრიდან იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა ჩაწერილიყო. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით. თუ გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერებოდა, ისინი ამ კონტრაქტს ხელს არ აწერდნენ და ჯოვინოს ვკარგავდით. ამიტომ წავედით დათმობაზე და ეს თანხა ჩავწერეთ,“ – ამბობს არჩილ ბერიძე.
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გუნდის ლიდერის შენარჩუნება ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა.
„როდესაც ჯოვინომ გაშვება გვთხოვა, მასთან მოლაპარაკება თავიდან დავიწყეთ. თანახმა ვიყავით, კიდევ ერთხელ გაგვეორმაგებინა ხელფასი, მაგრამ ჯოვინო შეუვალი იყო. მან პირდაპირ გვითხრა, რომ წასვლა სურდა. აგენტების თქმით, თუ არ გავუშვებდით, ისინი კონტრაქტის პუნქტს აამოქმედებდნენ. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჯოვინომ დაგვტოვა. იძულებულები ვიყავით, რომ მის განათხოვრებას დავთანხმებულიყავით. ასე რომ არ გაგვეკეთებინა, ჯოვინოს მაინც ვერ შევინარჩუნებდით,“ – აცხადებს ბერიძე.