ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი - „ბორდომ“ დავითაშვილის ტრანსფერზე ოფიციალური მოთხოვნა გამოგვიგზავნა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოში“ დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბორდოს“ გადაწყვეტილი აქვს ზურიკო დავითაშვილის გამოსყიდვა. მანამდე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით L’EQUIPE-ის ჟურნალისტმა, ვინსენტ რომენმა „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.
„„ბორდოს“ გადაწყვეტილი აქვს მარჯვენა მცველის, კლემან მიშელინის და შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერების გამოსყიდვა. მიშელინის ტრანსფერი (ათენის „აეკ-იდან“) დამოკიდებულია ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე. თუ იგი 20 შეხვედრას გამართავს „ბორდოს“ მაისურით ამ სეზონში, მომდევნო სეზონში გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.
დავითაშვილის გამოსყიდვის პუნქტი (1,25 მილიონი ევრო) არ არის ავტომატური, მაგრამ „ბორდო“ მას დაიტოვებს როგორც საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლის, ასევე ლიგა 2-ში დარჩენის შემთხვევაშიც მოთამაშესთან შეთანხმებით“, – წერს ვინსენტ რომენი.
დავითაშვილი ბათუმის „დინამოს“ ეკუთვნის და „ბორდოში“იჯარით თამაშობს. ამიტომ საქართველოს პირველი არხი გუნდის პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ფრანგებს კონტრაქტის გამოსყიდვა სურთ.
„დავითაშვილის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ „ბორდოში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა და ფრანგებმა ტრანსფერის გამოსყიდვაზე ახლახან ოფიციალური მოთხოვნა გამოაგზავნეს, მაგრამ მოლაპარაკებას ზურიკოს მენეჯერი, მამუკა ჯუღელი აწარმოებს. ის ამჟამად საფრანგეთშია და მოლაპარაკება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ყველა დანარჩენი დეტალი მამუკამ იცის“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხთან ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა.
მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა საფრაგენთის ლიგა 2-ში 22 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.