ბათუმის „დინამოს“ ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - გეგუჩაძის გუნდმა თბილისელებთან უპირატესობა გაზარდა
ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. ანგისას საფეხბურთო კომპლექსში გამართული შეხვედრა სავსე ტრიბუნების წინაშე გაიმართა და მასპინძელთა მორიგი გამარჯვებით დასრულდა.
თამაში ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო და არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა შესვენებამდე მხოლოდ ერთხელ გაიტანეს: გიორგი ნავალოვსკისა და ჯოვინო ფლამარიონის განვითარებული შეტევა ზუსტი დარტყმით ლადო მამუჩაშვილმა დაასრულა 1:0. მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ჯოვინო ფლამარიონმა გაზარდა 2:0, თუმცა, მალე (71-ე წუთზე) „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა, ირაკლი სიხარულიძემ სხვაობა შეამცირა.
საბოლოოდ, შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. 27 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა 55 ქულა დააგროვა, მეორეადგილოსან თბილისის „დინამოსთან“ (51 ქულა) უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ბათუმის „დინამო“ ჩემპიონობას ერთი ნაბიჯით დააახლოვა. „ლოკომოტივმა“ (37) კი მეხუთე ადგილი შეინარჩუნა.