ბათუმის „დინამოს“ მეტოქის, „სივასპორის“ პრეზიდენტი - კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრით კარგ სარგებელს მივიღებთ #1TVSPORT
„სივასპორის” პრეზიდენტმა მექნუნ ოტიაკმაზმა ბათუმის „დინამოსთან“ კონფერენს ლიგის მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გუნდმა ბათუმში პირველი მატჩის მოგებით (2:1) სასურველი უპირატესობა მოიპოვა.
„ჩვენი მეტოქე ფორმაშია, რადგან საქართველოში უკვე სეზონი ნახევარია გავლილი. „დინამო“ ძალიან სახიფათო გუნდია. ვიცით, რომ გვყავს ძლიერი მეტოქე და შესაბამისადაც ვემზადებით. ვიმედოვნებ, იმ შედეგს მივიღებთ, რომელიც ჩვენს გულშემატკივრებს და ერს გაახარებს. უპირველეს ყოვლისა, „სივასპორის“ მიზანი ამ რაუნდის გავლის შემდეგ კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯგუფში შესვლას კარგი ფინანსური სარგებელი მოაქვს“, – განაცხადა თურქული კლუბის პრეზიდენტმა.
ოტიაკმაზმა გულშემატკივრებს მოუწოდა, ვაქცინაცია გაიარონ:
„გუნდში ყველანი ვაქცინირებული ვართ. თუმცა, სასურველია, სტადიონზე აცრილი ადამიანები მოვიდნენ და თუ ყველა აცრილი იქნება, მივაღწევთ იმას, რომ სტადიონზე შესულთა რაოდენობა გაიზრდება“.