ბათუმის „დინამოს“ ლეგიონერი ტრანსფერზე „დნიპრო1“-ს შეუთანხმდა (ვიდეო)

დნეპროპეტროვსკის „დნიპრო-1“-მ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ბათუმის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი ვაგნერ გონსალვეში დაიმატოს, – ინფორმაციას უკრაინული ლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„დნეპროპეტროვსკის კლუბი დაინტერესებულია ბრაზილიელი თავდამსხმელით, ვაგნერ გონსალვეშით. ფრანგული პასპორტის მქონე 24 წლის ბრაზილიელს შეუძლია შეტევის ფლანგზე და 10-ნომერზე თამაში. გერმანული პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის ტრანსფერს 375 ათას ევროდ აფასებს. ბათუმის „დინამოსთან“ ვაგნერმა კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გააფორმა. გონსალვეში მალე ჩავა თურქეთში, სადაც იგორ იოვიჩივიჩის ხელმძღვანელობით „დნიპრო-1“ შეკრებას მართავს“, – იუწყება „დნიპროს“ ვეგბგვერდი.

ბათუმის „დინამოს” შემადგენლობაში გონსალვეშმა ბოლო სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ის ფრანგულ კლუბ „ბასტიაში“ გამოდიოდა, საქართველოში კი პირველად „საბურთალოში“ თამაშობდა, რომლის ფორმითაც 2018 წელს საუკეთესო ლეგიონერად აღიარეს. ბრაზილიელი შემდეგ ბელგიურ „სერკლ ბრიუგეში“ ირიცხებოდა, მაგრამ ქართულ კლუბში მალე დაბრუნდა, 2019 წლის ბოლოს კი ბათუმის „დინამოში“ გადავიდა.