ვამარა სანოგო ბათუმის „დინამოს“ დაუბრუნდა და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მან ქობულეთის „შუქურასთან“ მე-11 ტურის შეხვედრაში გიორგი ფანცულაია 72-ე წუთზე შეცვალა.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, ბათუმის „დინამომ“ ფრანგი თავდამსხმელი ახალი სეზონის წინა შეკრებამდე დაიმატა. ვამარა სანოგომ ბათუმელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
25 წლის ფრანგმა ფორვარდმა კარიერა სამშობლოში, „მეცი 2“-ში დაიწყო, ითამაშა ინგლისურ „ფლიტფუდ თაუნსა“ და „ნანიტონ ბოროში“, ხოლო 2016 წლიდან „ზაგლებიეში“ ასპარეზობდა. გასულ სეზონში ვარშავის „ლეგიაში“ გამოდიოდა და პოლონეთის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა, მაგრამ ტრავმის გამო წელიწადნახევრის გამოტოვება მოუწია.
ვამარა სანოგომ ტრავმა თურქულ შეკრებაზე პირველივე ტესტ-მატჩში მიიღო. ფრანგმა ფორვარდმა, უკრაინული „ლვოვთან“ (1:1) 8 თებერვალს გამართულ სპარინგში მუხლი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა, მას შემდეგ ფრანგი თავდამსხმელი მკურნალობდა.