ბათუმის „დინამომ“ „ვიტ ჯორჯიას“ მოუგო და ქულებით „საბურთალოს“ გადაასწრო
„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში 23-ე ტურის მორიგი შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა – აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და დამარცხდა.
მასპინძლებს ქულები ბოლო ადგილიდან თავის დასაღწევად სჭირდებოდათ, ხოლო ბათუმელებს – თბილისის „დინამოსთან“ ჩამორჩენის შესამცირებლად. მაგრამ კლასსა და გამოცდილებაში სხვაობა აშკარად იგრძნობოდა და ბათუმელებმა პირველივე ტაიმში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს.
მეათე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილის განვითარებული შეტევა ჯაბა ჯიღაურმა ეფექტური გოლით დააგვირგვინა – 0:1. 28-ე წუთზე კი, ლევან გეგეჭკორის გადაცემით ვლადიმერ დვალიშვილმა ისარგებლა და „დინამოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა – 0:2. საბოლოო ანგარიში კი, 89-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა დააფიქსირა – 0:3 ბათუმელთა სასარგებლოდ.
საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ მოიგო, 43 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაწინაურდა, მაგრამ თბილისის „დინამოს“ (22 მატჩი, 44 ქულა) ისევ ჩამორჩება, მესამეზე დაქვეითებულ „საბურთალოს“ (40 ქულა) კი, ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „ვიტ ჯორჯია“ 15 ქულით ისევ ბოლო, მეათე პოზიციაზე რჩება.
კვირას, 11 აგვისტოს, 23-ე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართება – საჩხერის „ჩიხურა“ ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის „სიონს“ შეხვდება, ქუთაისის „ტორპედო“ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე „რუსთავს“ უმასპინძლებს. 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი ლიდერი თბილისის „დინამოსა“ და მეორეადგილოსანი „საბურთალოს“ შორის კი, გადადებულია.