ბათუმის „დინამომ“ „თელავი“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში უდანაკარგოდ ლიდერობს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური თელავში, „კავკასიონი არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა – „თელავმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
ბათუმელებმა ანგარიში 38-ე წუთზე გახსნეს – ონორე გომისის გადაცემით დავით მუჯირმა ისარგებლა და ახლოდან ზუსტი დარტყმით „დინამო“ დააწინაურა.
შესვენების შემდეგ თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა – ერთ-ერთი გუნდის გულშემატკივარი ტრიბუნიდან გადავარდა. არბიტრმა თამაში მას შემდეგ გააგრძელა, რაც გაირკვა, რომ ქომაგის ტრავმა სიცოცხლისთვის საშიში არ იყო.
მასპინძლები გააქტიურდნენ და 69-ე წუთზე გოლიც გაიტანეს – ბათუმელთა მეკარის შეცდომით ჯეფერსონ ჯერალდომ ისარგებლა და ზუსტად დაარტყა, მაგრამ მასპინძელთა ბრაზილიელი ლეგიონერი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და გოლი არ ჩაითვალა.
საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ 1:0 მოიგო, 12 ქულა დააგროვა და ოთხი ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ერთადერთი გუნდია, ვისაც ქულა არ დაუკარგავს. „თელავი“ კი სამი ქულით მეშვიდე ადგილზეა.