ფოთის „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოს“ ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 0:1.
ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. მე-16 წუთზე ბათუმელთა ანგოლელი ლეგიონერის, მარიო ბალბურდიას დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და კარში წავიდა.
პორტუგალიური „მაფრადან“ საქართველოს ჩემპიონ გუნდში ივლისში გადმოსულმა 27 წლის თავდამსხმელმა ბოლო 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ბათუმის „დინამოს“ შეტევის სიმწვავე გაზარდა.
28 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამოს“ 42 ქულა აქვს და სამეულთან ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა. ფოთის „კოლხეთი“ (29) მე-7 ადგილზე დარჩა, მაგრამ ტურის მატჩის მოგებით პლეი აუტის ზონაში მყოფ „გაგრას“ (26) შეუძლია დაეწიოს.
ტურის დარჩენილი 2 მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება:
„სამტრედია“ – „ტორპედო“
„გაგრა“ – „დილა“