ბათუმის „დინამომ“ შანსი გაანიავა - „სამგურალმა“ მოქმედ ჩემპიონს მოუგო #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 34-ე ტურის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, რაც სატურნირო ცხრილზე გავლენას მოახდენს.
„თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გორის „დილამ“ ლიგიდან გავარდნილ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0. ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე ალეფ სანტოსმა გაიტანა.
წყალტუბოს „სამგურალმა“ წელს ბათუმის არენაზე მოქმედ ჩემპიონთან მეორედ ითამაშა და ამჯერადაც არ დამარცხებულა – პირველი მატჩი 4:4 დასრულდა, დღეს კი გიორგი მიქაძის გუნდმა მეტოქე 2:1 დაამარცხა და გუნდს ჩემპიონობის შენარჩუნების შანსი შეუმცირა.
სტუმრები 29-ე წუთზე ომარ პატარკაციშვილის გოლით დაწინაურდნენ, 48-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, 84-ე წუთზე ბათუმელთა ნახევარმცველმა გიორგი ზარიამ სტუმართა კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1 „სამგურალის“ სასარგებლოდ, რომელმაც სტუმრად მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი შეინარჩუნა.
ბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისის“ შეფერხებით ვერ ისარგებლა და დაწინაურების რეალური შანსი დაკარგა, რაც შესაძლოა, გუნდს ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდეს, ხოლო მესამე ადგილისთვის რეალურად „სამგურალი“ და „დილა“ იბრძოლებენ.