ახალი სეზონისთვის ბათუმის „დინამომ“ კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა. კლუბის ინფორმაციით, ამიერიდან გუნდის ღირსებას 23 წლის სერბი საყრდენი ნახევარმცველი ვლადან ვიდაკოვიჩი დაიცავს.
ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, კონტრაქტი ფეხბურთელის ბოლო კლუბთან, სლოვენიის მოქმედ ჩემპიონ „მარიბორთან“ გაფორმდა და ითვალისწინებს ერთწლიან იჯარას გამოსყიდვის უფლებით.
ვლადან ვიდაკოვიჩი 23 წლისაა. ნოვი სადში დაბადებული ფეხბურთელი ცენტრალური ნახევარმცველია. თამაშობდა „ვოივოდინის“ ასაკობრივ გუნდებში, შემდეგ გადავიდა „ვოჟდოვაცში“, იყო ობრენოვაცის „რადნიჩკიში“, კულას „ჰაიდუკში“. 2019 წლის ზაფხულში კონტრაქტი გააფორმა სუბოტიცას „სპარტაკთან“.
ვიდაკოვიჩი იყო სერბეთის 16, 17 და 18-წლამდელთა ნაკრებების წევრი. 2022 წლის ივლისში „მარიბორში“ გადავიდა, სადაც ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა. ინტერნეტპორტალი transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 300 ათას ევროდ აფასებს.