ბათუმის „დინამო“ ვამარა სანოგომ დატოვა, – 26 წლის ფრანგი თავდამხსმელის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„ბათუმის „დინამო“ ვამარა სანოგომ დატოვა, კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. „დინამოს“ რიგებში გატარებული პერიოდისთვის მას დიდ მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია ბათუმელთა პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
სანოგოს ჩამოსვლისას ილუზიები არავის ჰქონია – პოლონეთში კარგი გამოსვლით ცნობილი ფრანგი თავდამსხმელი ტრავმისკენ იყო მიდრეკილი, მაგრამ საქართველოში საინტერესო მოთამაშის მოზიდვის სხვა შანსი არ იყო – გუნდში იმედოვნებდნენ, რომ იქნებ, ფორმაში შესვლა მოეხერხებინა და კარგად ათამაშებულიყო.
სამწუხაროდ, ასე არ მოხდა – სანოგომ ითამაშა, გაიტანა, მაგრამ ისეთ ფორმაში მაინც არ იყო, რის იმედადაც ჩამოყვანეს. მასაც მეტი სათამაშო დრო სურდა, კლუბიც მეტს იმედოვნებდა და საბოლოოდ, კონტრაქტი ამიტომ გაბათილდა.
ფრანგმა თავდამსხმელმა კარიერა სამშობლოში, „მეცი ბ“-ში დაიწყო, შემდეგ იყო ინგლისში – „ფლიტფუდ თაუნი“ და „ნანიტონ ბორო“, 2016 წლიდან „ზაგლებიეში“ თამაშობდა. ერთ წელიწადში მისი ტრანსფერი „ლეგიამ“ გამოისყიდა, მაგრამ ვარშაველთა რიგებში სულ ორჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. ძირითადად იჯარით ისევ „ზაგლებიეში“ გამოდიოდა. ბათუმის „დინამოში“ კი 2021 წლის იანვარში ჩაირიცხა.
ბათუმელთა ფორმით ბევრი ვერც ითამაშა – ჩამოსვლისთანავე დაშავდა და მოედანს ორი თვის წინ დაუბრუნდა. ეროვნულ ლიგაში, საქართველოს თასზე და ევროთასებზე სანოგომ 13 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.