ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში 31 ტური დასრულდა. ტური თბილისის „შატილზე“ გაიხსნა, სადაც „ნორჩმა დინამომ“ „გაგრა“ მიიღო და ქულას დასჯერდა – 0:0.
ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალმა“ „ცხინვალს“ უმასპინძლა და გაგა ჩხეტიანის გოლით (89-ე წუთი) 1:0 დაამარცხა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჩხეტიანს დუბლის შეასრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა
„მცხეთა პარკზე“ „ვიტ ჯორჯიამ„ „თელავს“ უმასპინძლა და 31-ე წუთზე რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა: მთავარმა მსაჯმა თელაველთა მოთამაშე ფირუზ მარაქველიძე მოედნიდან გააძევა. მასპინძლებმა ამით ისარგებლეს, მე-60 წუთზე პაატა ღუდუშაურმა ერთადერთი გოლი გაიტანა და „ვიტ ჯორჯიამ“ მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა – 1:0.
„ჩელე არენაზე“ ქობულეთის „შუქურამ“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა და 56-ე წუთზე კაპიტნის, გიორგი ჩელებაძის პენალტით ანგარიში გახსნა. 61-ე წუთზე მარტვილელმა გიორგი გეგიამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო დავით ციცხვაიამ 73-ე წუთზე მარტვილელებს გამარჯვება მოუტანა 1:2.
„შევარდენი 1906“-მა „დავით პეტრიაშვილი-არენაზე“ გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მცირე ხნის წინ უცნაური ამბავი მოხდა: ბათუმელებმა ორი გოლი გაიტანეს და 0:2 წააგეს, რადგან ორივე ავტოგოლი იყო. ახლა ბათუმელებს არ გაუტანიათ, მაგრამ მასპინძელთა მცველის, ალექსანდრე კვახაძის მიერ მე-80 წუთზე გატანილი ავტოგოლით 1:0 გაიმარჯვეს.
ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ბათუმის „დინამომ“ 64 ქულა დააგროვა და ვადამდე მინიმუმ პლეი-აუტში მონაწილეობა გაინაღდა, რადგან მეოთხეადგილოსან „ნორჩ დინამოს“ 17 ქულით ასწრებს. მეორეზე, 55 ქულით, „ვიტ ჯორჯიაა“, ხოლო „გაგრა“ (50) მესამეზეა.
უფრო მძაფრი ბრძოლაა ბოლოადგილოსნებს შორის: მე-7 და მე-8 ადგილოსანმა „მერანმა“ და „სამგურალმა“ 32-32 ქულა დააგროვეს, მე-9-ეა „შუქურა“ (31), ხოლო 29 ქულით ბოლოზე „ცხინვალია“.