ეროვნულ ლიგაში მე-5 ტურის მეორე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო არენაზე გაიმართა. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის „ლოკომოტივმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ბათუმელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველი ტაიმის 34-ე წუთისთვის მეტოქეს დიდ დარტყმა მიაყენეს. ანგარიში მე-15 წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა, რომელმაც 10 წუთში „ლოკომოტივის“ მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლა და დუბლი შეასრულა. 34-ე წუთზე კი მალხაზ გაგოშიძემ „დინამოს“ უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა 0:3.
მასპინძელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალება და შეტევის გამწვავება სცადა, მაგრამ „ლოკომოტივმა“ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა – 59-ე წუთზე თავი მამია გავაშელიშვილმა გამოიჩინა, საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა დააფიქსირა – ბათუმელებმა 4:1 მოიგეს და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
5 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 7 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „ლოკომოტივმა“, მაგრამ ბურთების სხვაობით გადაასწრო, მესამე ადგილზეა და კონკურენტი ერთი საფეხურით დააქვეითა.