ბათუმის „დინამომ“ მოიგო და გალიდერდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ მოიგო და გალიდერდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის პირველი სათამაშო დღე ბათუმში გამართული სანახაობრივი თამაშით დასრულდა – „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა. შეტევაში ჩართულმა „სამტრედიის“ მარჯვენა მცველმა გიორგი გვიშიანმა ეფექტური გოლით სტუმრები დააწინაურა. მაგრამ ხუთ წუთში ბათუმელებმა წონასწორობა აღადგინეს – ძლიერი დარტყმით სტუმრების კარი ირაკლი ბიძინაშვილმა აიღო.

მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით დაიწყო. „სამტერდია“ ისევ დაწინაურდა და ტურის გოლიც ვიხილეთ. ზვიად ნაჭყებია მარცხენა ფლანგზე მცველებს კვარაცხელიას სტილში გასცდა და შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაიტანა 1:2.

ბათუმელებმა 68-ე წუთზე ანგარიში მეორედ კურიოზული გოლით გაათანაბრეს. ჯოვინო ფლამარიონი კარში არტყამდა, ბურთი თანაგუნდელ ბენჯამინ ტეიდის სახეში მოახვედრა და ასხლეტილი ბურთი კარის ბადეში შევარდა 2:2.

ჯოვინომ თავისი მაინც გაიტანა – 79-ე წუთზე ბრაზილიელმა თავდამსხმელმა „სამტრედიის“ კარი მესამედაც აიღო და ბათუმის „დინამოს“ გამარჯვება მოუტანა 3:2. ამ 3 ქულით ბათუმის „დინამო“ პირველ ადგილზე დაწინაურდა.

მე-4 ტური ორშაბათს, 13 მარტს დასრულდება – გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ „დინამო თბილისი“ ბოლო წლებში თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, წყალტუბოს „სამგურალს“ 19:00-ზე უმასპინძლებს.