ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში 28-ე ტური დასრულდა. „ცხინვალი“ საკუთარ მოედანზე „ვიტ ჯორჯიასთან“ 0:2 დამარცხდა. გოლები ზურაბ მუსელიანმა (11) და პაატა ღუდუშაურმა (37) გაიტანეს. მატჩის მიწურულს „ცხინვალის“ მოთამაშე გიორგი ცერცვაძე მოედნიდან გააძევეს.
„დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი „ნორჩი დინამო“ ქობულეთის „შუქურასთან“ მე-16 წუთზე ზურაბ თევზაძისა და დავით ბოლქვაძის გოლებით 2:0-ს იგებდა. მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 36-ე წუთზე სტუმართა მოთამაშემ, ომარ ბულუხაძემ სხვაობა შეამცირა, ხოლო 82-ე წუთზე ლუკა ნემსაძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.
ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისის „რამაზ შენგელია – არენაზე“ ჩატარდა. ბათუმის „დინამომ“ „თელავს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. სტუმართა თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ ანგარიში 41-ე წუთზე გახსნა, მაგრამ შესვენებამდე ბათუმელთა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა წონასწორობა აღადგინა. 68-ე წუთზე თელაველთა ნახევარმცველ ირაკლი რუხაძეს პენალტით გუნდის დაწინაურება შეეძლო, თუმცა „დინამოს“ მეკარე ოთო გოშაძეს ვერ აჯობა.
სამაგიეროდ, 73-ე წუთზე თავისი შანსი გოლად ჯოვინო ფლამარიონმა აქცია 2:1. განსაკუთრებით დაძაბული მსაჯის მიერ დამატებული წუთები გამოდგა: ბათუმელთა მცველის, გურამ ადამაძის ავტოგოლით „თელავმა“ წონასწორობა 90+1 წუთზე აღადგინა, მაგრამ ბათუმელებმა ბოლომდე იბრძოლეს და 90+4-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონის ჰეთ-თრიქით 3:2 მოიგეს.
ტურის დანარჩენი მატჩები ასე დასრულდა:
„გაგრა“ – „მერანი“ – 5:1
„სამგურალი“ – თბილისის „შევარდენი 1906“ – 1:1
ბათუმელები 58 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერები არიან და ტურნირს დასრულებამდე 8 ტურით ადრე ეროვნულ ლიგაში გადასვლას ძალიან მიუახლოვდნენ, „ვიტ ჯორჯია“ და „გაგრა“ კი 46-46 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.