ბათუმის „დინამოს“ მეკარე ლუკა ხარატიშვილი სეზონის ბოლომდე იჯარით „სამტრედიას“ ღირსებას დაიცავს – ინფორმაცია კლუბებმა უკვე დაადასტურეს.
ბათუმელთა ახალგაზრდა კიპერი ლუკა ხარატიშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. თუმცა, პროფესიული კარიერა ბათუმის „დინამოში“ 2020 წელს დაიწყო, მაგრამ ორი სეზონის განმავლობაში ეროვნულ ლიგაში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია.
სათამაშო პრაქტიკისთვის ხარატიშვილი გასულ სეზონში იჯარით ქობულეთის „შუქურაში“ გადავიდა და სეზონის ყველა (28) მატჩი ჩაატარა, 12-ჯერ კი კარი „მშრალად“ შეინახა. წელს ბათუმელებს დაუბრუნდა, სადაც მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა და ისევ იჯარით წასვლა ამჯობინა.
ხარატიშვილი იყო საქართველოს 17 (14 მატჩი) და 19 ნაკრებების (13 მატჩი) წევრი და 21-წლამდელების კანდიდატი, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აკლდა და ახლახანს საქართველოში დასრულებულ ევრო 2023-ზე ახალგაზრდულის განაცხადში ვერ მოხვდა.
ახალგაზრდა მეკარემ „სამტრედიაში“ უკვე ითამაშა ამხანაგური მატჩი „გაგრას“ წინააღმდეგ, რომელშიც „სამტრედიამ“ მეტოქე ინჯგიას (2) და ხაიბულაევის გოლებით 3:2 დაამარცხა. 20 წლის კიპერი მოედანზე მეორე ტაიმში შეცვლაზე გამოჩნდა.